← უკან ბლოგში
8 ივლისი, 2026 · საველე გზამკვლევი · 7 წთ

როგორ გამოვიყენოთ ლოსევის განათება კედლის შემოწმებისას

ლოსევის განათების, ანუ გამომააშკარავებელი განათების (ან მალიარის განათების) გამოყენება მთლიანად ცვლის სამუშაო პროცესს. ეს არ არის მხოლოდ სამუშაოს დასრულების შემდეგ ჩატარებული ინსპექტირება, არამედ ზედაპირის მუდმივი კონტროლი რეალურად ხორციელდება სამალიარო სამუშაოების ყველა ეტაპზე.

„ლოსევის განათებით მუშაობა“ მეტ დროს მოითხოვს, თუმცა საბოლოოდ იძლევა ზედაპირის სრულიად განსხვავებულ, უმაღლესი ხარისხის სიგლუვეს.

ზედაპირის მომზადება

სამუშაო იწყება სტანდარტულად: თავდაპირველად კედლები იგრუნტება ღრმად შეღწევადი გრუნტით, ხოლო ბეტონის ელემენტებზე ესმება სპეციალური ბეტონის გრუნტი, მაგალითად ბეტონკონტაქტი.

კედელზე ვაყენებთ სანიშნულე პროფილებს, ანუ მაიაკებს, და ვასწორებთ ლაზერში, რომ მივიღოთ ლაზერულად სწორი ზედაპირი. მაიაკები ყენდება 3 მეტრამდე მანძილზე, უმჯობესია ყოველ 1 მეტრში.

საბათქაშო სამუშაოებს ვასრულებთ მწარმოებლის მითითებების შესაბამისად, მექანიზირებული ან მექანიკური წესით. ბათქაშის წასმის შემდეგ 3 მეტრიანი პრავილით მაიაკებში ვასწორებთ ნალესს.

ველოდებით რამდენიმე წუთი, შემდეგ კი ისევ ვასწორებთ პრავილით, რომ ჩამოღვენთილი ბათქაში მაქსიმალურად გავასწოროთ გამაგრებამდე.

გაშრობის შემდეგ, მინიმუმ 48 საათში, ვუსმევთ პირველ პირს შპაკლის ფენას, მაგალითად ფუგა გიპსს. მისი დანიშნულებაა დიდი უსწორმასწორობების, ტალღებისა და სიმაღლეთა სხვაობების გასწორება, რომელიც პრავილით ვერ გასწორდა.

ფენის სრულად გაშრობის შემდეგ იგი იშკურკება ელექტრო შკურკით, ე.წ. ჟირაფით. ზედაპირიდან იწმინდება მტვერი ავტომატურ ჟირაფზე განთავსებული მტვერსასრუტით და სწორედ ამ ეტაპზე იწყება ლოსევის განათების გამოყენების მთავარი ეტაპი.

ნათურა თავსდება შტატივზე, ტელესკოპურ ძელზე ან ხელით ვაყრდნობთ კედელს, რის შემდეგაც მთელი ზედაპირი ყურადღებით მოწმდება.

ლოსევის განათება დაუყოვნებლივ გამოავლენს ყველა დეფექტს: ინსტრუმენტების, ანუ შპატელის, მიერ დატოვებულ ღარებს, ბოლომდე გაუშკურკავ ნაღვენთებს და ნადენებს, ღრმა ნაკაწრებსა და სხვა ხარვეზებს.

ასეთი ადგილების მონიშვნა შესაძლებელია ფანქრით, რათა შემდგომში მარტივად მივაკვლიოთ.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საწყისი შპაკლის, ანუ ფითხის, ფენა იდეალურად გლუვი არ იქნება, თუმცა იგი მაქსიმალურად სწორი უნდა იყოს საერთო სიბრტყესთან მიმართებაში. ამ ეტაპზე არ არის საჭირო ზედაპირის „ნულში გამოყვანა“, რადგან ამისთვის გამოიყენება ფინიშური შპაკლის მასალები.

შპაკლის თითოეული ფენის კონტროლი

საწყისი ფენის შემოწმების შემდეგ იწყება მეორე, ანუ ბოლო ფენის, ფინიშური შპაკლის ფენის დატანა. ამ ეტაპზეც ლოსევის განათება მუდმივად გამოიყენება.

განათება ისე უნდა განთავსდეს, რომ მისი სინათლის ზოლი კედლის გასწვრივ ეცემოდეს და ოდნავ უსწრებდეს იმ ადგილს, სადაც მუშაობთ.

ხელოსანი შპაკლს უსვამს ზედაპირს და იმავე მომენტში, რეალურ დროში, ხედავს რამდენად სწორად ნაწილდება მასალა.

ფინიშის მასალად რეკომენდირებულია გამოყენებულ იქნას პოლიმერული შპაკლი, მაგალითად კნაუფის როტბანდ პასტა, ან Xperio/Knauf-ის სუპერ ფინიში.

აღნიშნული პოლიმერული, ვინილის ბაზაზე დამზადებული შპაკლი ბევრჯერ ძვირი ღირს, ვიდრე თაბაშირის ფითხი, მაგალითად სატენ გიპსი, თუმცა მისი ხარისხი და გამძლეობაც შესაბამისად მაღალია.

პოლიმერული ფითხი უნდა დავიტანოთ ლილვაკით მთელ ზედაპირზე და გავასწოროთ გრძელი შპატელით ან რეიკით.

ლოსევის განათება ხელოსანს მყისიერად აჩვენებს:

• სად დაიდო შპაკლი ზედმეტად სქლად;

• სად დარჩა შპატელის წიბოს კვალი;

• სად არის საჭირო მასალის დამატება;

• სად არის საჭირო ზედმეტი მასალის მოხსნა.

ფინიშური ფენის გაშრობის შემდეგ კედლის ზედაპირი კვლავ დავშკურკოთ ელექტრო შკურკით, ე.წ. ჟირაფით, ძალიან წვრილი აბრაზივით.

თუ პირველ ეტაპზე 120-იან შკურკას ვიყენებთ, ბოლო ეტაპზე 200-იანი ან მეტი შკურკითაც კი შეიძლება.

ამის შემდეგ კიდევ ერთხელ ტარდება სრული ინსპექტირება ლოსევის განათებით.

თუ აღნიშნული დამუშავების შემდეგ კვლავ აღმოჩნდა უმცირესი ნაკაწრები ან ღია ფორები, მათი აღმოფხვრა შესაძლებელია შპაკლის კიდევ ერთი, უკიდურესად თხელი ფენის დატანით. ინგლისურად ამას Skim coating-საც ეძახიან.

ეს პროცესი გრძელდება მანამდე, სანამ ლოსევის გამომააშკარავებელი განათება არ აჩვენებს სრულიად ერთგვაროვან, იდეალურად გლუვ ზედაპირს.

როგორ დავიჭიროთ ნათურა კედლის შემოწმებისას

მთავარი წესი ასეთია: ნათურა მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს შესამოწმებელ ზედაპირთან, პრაქტიკულად რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით.

ნათურის კორპუსი სრულად უნდა ეხებოდეს კედელს. სინათლე უნდა მოძრაობდეს არა კედლისკენ, არამედ კედლის გასწვრივ, მის პარალელურად, და კედლის ზედაპირს სწორად უნდა ეფინებოდეს.

შემოწმება დაიწყეთ ნელი მოძრაობით ქვემოდან ზემოთ, შემდეგ კი ზემოდან ქვემოთ, ისე, რომ მთელ კედელს ნათებაში კარგად გახედოთ.

შემდეგ იგივე გაიმეორეთ ჰორიზონტალურად, მარცხნიდან მარჯვნივ და უკან.

ეს აუცილებელია სხვადასხვა მიმართულების დეფექტების გამოსავლენად. მაგალითად, ვერტიკალური ნაკაწრები ბევრად უკეთ ჩანს ჰორიზონტალურად მიმართული სინათლის დროს და პირიქით.

ნუ იჩქარებთ. ბოლო-ბოლო, ტყუილა არ არსებობს ხალხური გამოთქმა - მოჩქარეს მოუგვიანდესო. ყურადღებით დააკვირდით განათებულ ზოლს.

კუთხეებისა და რთული ადგილების შემოწმება

შიდა და გარე კუთხეები ყველაზე რთული შესამოწმებელი ადგილებია.

შიდა კუთხის შესამოწმებლად ნათურა ერთ კედელს მიადეთ და სინათლე მიმდებარე კედლის გასწვრივ მიმართეთ. ასე კარგად გამოჩნდება, რამდენად სწორად არის გამოყვანილი კუთხე და ხომ არ არსებობს ნადენები ან ჩაღრმავებები.

შემდეგ იგივე პროცედურა გაიმეორეთ მეორე მხრიდან.

გარე კუთხეების, ფანჯრისა და კარის ღიობის ფერდილების, შემოწმებისას განათება ჯერ ძირითად კედელს ეყრდნობა და ანათებს ფერდილის, ანუ ატკოსის, სიბრტყეს, შემდეგ კი პირიქით.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ:

• კედლისა და ჭერის შეერთების ხაზებს;

• როზეტების, ანუ შტეფსელის, და ჩამრთველების მიმდებარე ადგილებს;

• ყველა რთულად მისადგომ მონაკვეთს.

ჭერის შემოწმება ყველაზე რთულია, ამიტომ რეკომენდებულია განათების დამაგრება ტელესკოპურ ძელზე ან შტატივზე, რათა ორივე ხელი თავისუფალი დაგრჩეთ.

შეკვეთისთვის ან ნებისმიერი კითხვა
მოგვწერეთ Facebook-ზე.